სამთო-მომპოვებელ საქმიანობას მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს ადგილობრივი
თემის ცხოვრების ხარისხზე, ფიზიკურ მდგომარეობასა და სოციალურ
კეთილდღეობაზე.
სასარგებლო წიაღისეული მოპოვების და გადამუშავების/გამდიდრების შედეგად
გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ყველა ზემოგანხილულ ფაქტორს, რა
თქმა უნდა, შესაბამისი უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება განსხვავდება დაბინძურების ხარისხისა და დაბინძურების წყაროსთან სიახლოვის მიხედვით. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გამდიდრების/გადამუშავების
შედეგად ატმოსფეროში, წყალსა და ნიადაგში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების
ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე დამოკიდებულია მოპოვებული რესურსის
და გამდიდრების/გადამუშავების ტექნოლოგიურ ციკლში გამოყენებული
ნივთიერებების შემადგენლობაზე.
სამთო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი მტვერი, ხმაური და ვიბრაცია
უარყოფითად მოქმედებს ადამიანის სასუნთქი, სმენის, ნერვული და სისხლის
მიმოქცევის სისტემაზე, თუმცა, ამ სახის ზემოქმედებას ადგილი აქვს უშუალოდ
სამუშაოების წარმოებისას; ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და
გამდიდრების/გადამუშავების შედეგად ნიადაგში და წყალში მოხვედრილი მავნე
ნივთიერებები სამუშაოების შეწყვეტის შემდეგაც დიდხანს უქმნის საფრთხეს
ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს
ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით მავნე გავლენა აქვს მძიმე
მეტალებით დაბინძურებას. ტერმინი „მძიმე მეტალები” (ან „მძიმე ლითონები”)
ყველაზე ხშირად გამოიყენება სამედიცინო და გარემოსდაცვით საკითხებთან
დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ
მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებები ზოგადად, არამედ მათი ბიოლოგიური
აქტიურობა და ტოქსიკურობა; ასევე, სამეურნეო საქმიანობაში გამოყენების მოცულობა. ზოგიერთი მძიმე ლითონი – რკინა, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი
– მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებში.
ორგანიზმი მათ მცირე ოდენობით შეიცავს, რის გამოც მიკროელემენტები
ეწოდებათ. მეორე მხრივ, მძიმე ლითონები და მათი ნაერთები ქსოვილებში ჭარბი
დაგროვების შემთხვევაში, იწვევენ სხვადასხვა დაავადებას. ის ლითონები კი,
რომლებიც არ ასრულებენ რაიმე სასიცოცხლო ფუნქციას, განისაზღვრებიან,
როგორც ტოქსიკური ლითონები. ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საშიშროებას
წარმოადგენს 12 მძიმე მეტალი – სპილენძი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, კალა,
ტყვია, ვანადიუმი, ქრომი, მოლიბდენი, მანგანუმი, ნიკელი და სტრონციუმი.
ამათგან განსაკუთრებით ტოქსიკურია კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია და
სტრონციუმი.
. მძიმე ლითონები ანთროპოგენურ ქიმიურ ნივთიერებათა შორის პრიორიტეტულ
დამბინძურებელთა რიცხვს მიეკუთვნება. მათ ახასიათებთ მაღალი ტოქსიკურობა
და ორგანიზმში დაგროვების უნარი. ისინი ფართოდ გამოიყენებიან სხვადასხვა
საწარმოო ციკლში, ამიტომ მიუხედავად სხვადასხვა გამწმენდი ღონისძიებისა,
სამრეწველო ჩამდინარე წყლებში მათი შემცველობა საკმაოდ მაღალია. გარემოში
ისინი, ასევე, ხვდებიან საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების, სამრეწველო
საწარმოების კვამლისა და მტვრის გზით. ბევრი მძიმე ლითონი ქმნის მდგრად
ორგანულ ნაერთს, რომელიც კარგად იხსნება წყალში, რაც განაპირობებს მათ
მოხვედრას ბუნებრივ წყალსატევებში.
მძიმე მეტალები სხვადასხვა სახის დარღვევას იწვევს.
მაგ. იაპონიაში, მინიმატას
ყურეში მცხოვრებ ადამიანებში მძიმე მეტალებით დაბინძურებული მოლუსკების
საკვებად გამოყენებამ ნევროლოგიური დაავადებების განვითარება გამოიწვია.
კადმიუმით მოწამლვა ძვლების „დარბილებას” და თირკმლების დაზიანებას
იწვევს და მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილები სახსრებსა და ზურგის
არეში. კადმიუმი და რამდენიმე მისი ნაერთი ცნობილია, როგორც კანცეროგენი
და მრავალი სახის სიმსივნის გამომწვევია. კადმიუმი და თუთია მსგავსი ქიმიური
ელემენტებია, რის გამოც, კადმიუმი ანაცვლებს თუთიას სხვადასხვა ბიოლოგიურ
პროცესში და თუთიასთან შედარებით 10-ჯერ უფრო მტკიცე ნაერთებს ქმნის.
კადმიუმს ასევე აქვს მაგნიუმისა და კალციუმის ჩანაცვლების უნარიც. კადმიუმს
ახასიათებს ბიოაკუმულაცია. კერძოდ, იგი გროვდება თევზების შინაგანი
ორგანოების ქსოვილებში. ამასთან, კადმიუმს ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივი
დრო გააჩნია – 10-30 წელი. დაბინძურებულ წყალში დაჭერილი თევზის
მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მძიმე ინტოქსიკაცია. კობალტი,
ისევე როგორც ნიკელი, დაგროვებისას ავლენს მუტაგენურ და კანცეროგენურ
თვისებებს. ასევე საზიანოა თუთიის ჭარბი კონცენტრაცია: თავისუფალი თუთიის
იონი ტოქსიკურია მცენარეების, უხერხემლოების და თევზებისათვის. სპილენძი
მტკნარი წყლის თევზებისათვის უფრო ტოქსიკურია, ვიდრე სხვა მძიმე მეტალი,
ვერცხლისწყლის გარდა. ადამიანისთვის სპილენძი არ არის ძლიერ ტოქსიკური, თუმცა, ორგანიზმში მისმა სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული
ინტოქსიკაცია, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ჰეპატიტი, შიზოფრენია
და სხვ. კობალტი და სტრონციუმი თევზების კუნთებში აკუმულირდება. წყალში
არსებული ეს ელემენტები მდინარეებში ბანაობისას შეიძლება საშიში აღმოჩნდეს
ადამიანისთვის და ისეთი რთული დაავადებები გამოიწვიოს, როგორიცაა
სტრონციუმის რაქიტი, ჩონჩხის პათოლოგია, სასუნთქი გზების დაავადება, კანის
დაზიანება და სხვ.
No comments:
Post a Comment