ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა;
ბრენდირება − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა. სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება სკოლას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ან/და ახორციელებს აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და აკმაყოფილებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს;
ინდივიდუალური მუშაობა – სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა მოსწავლესთან/მოსწავლეთა ჯგუფთან ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად;
დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა;
დისტანციური სწავლება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა;
დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა;
დისციპლინური სახდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა;
ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და ღირებულებებს), სწავლების შინაარსს, საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;
ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა;
ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები;
ვაუჩერი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად;
ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/ სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად;
ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი);
ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;
ამ კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება;
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა − ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ, რომელთანაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თვითშეფასება – სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები;
ინკლუზიური განათლება − თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება;
კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და რეკონსტრუქცია;
კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;
მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის; სპეციალური მასწავლებელი;
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის პროფესიული ქცევის ნორმების ერთობლიობა;
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ კანონის 212 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს;
მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა – მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სა სწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებ ით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება;
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა − ამ კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის ამ სქემაში ჩართვის პირობებს, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს;
მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
მოწვეული მასწავლებელი − პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
შემცვლელი მასწავლებელი − დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელი პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგნებს იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა მასწავლებლით, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა − მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;
მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა;
ალტერნატიული სასწავლო გეგმა − ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც განკუთვნილია მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლისათვის და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია;
გაფართოებული სასწავლო გეგმა − სასწავლო გეგმა, რომელიც ორიენტირებულია სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებით განპირობებული სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერებაზე და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია;
სპეციალიზებული კლასი − ერთი ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის, ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა კლასი;
ინტეგრირებული კლასი − ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, სხვადასხვა კლასში ჩარიცხული, ერთი ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მოსწავლეთა ერთობა;
მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
მცირეკონტინგენტიანი სკოლა – სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე − მოსწავლე, რომელსაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, ვერ ასრულებს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) – ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სპეციალისტთა გუნდი/გუნდები, რომელიც/რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით აფასებს/აფასებენ პირს და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმას არჩევს/არჩევენ;
სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
პანსიონური მომსახურება − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის სკოლის/რესურსსკოლის მიერ დღის/სადღეღამისო სერვისის შეთავაზება, რომელიც მოიცავს მოსწავლეების საცხოვრებელი პირობებით, კვებითა და დამატებითი პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფას;
რესურსსკოლა:
.ა) სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აგრეთვე სათანადო პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს;
.ბ) სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სრულად მოიცავს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს ან/და საშუალო საფეხურს და ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგნის გაძლიერებულ სწავლებას;
გ) პედაგოგიური საქმიანობა – მოსწავლეებთან მასწავლებლის საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
დ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში;
ე) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;
ვ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ აუცილებელ დატვირთვას; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
ზ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
თ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და ბუღალტერია;
ი) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;
კ) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო;
ლ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება − იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით;
მ) საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის − ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.
ნ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომლის გავლაც პირს დისტანციურად შეუძლია. აღნიშნული კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
სპეციალიზებული, კომისია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული კომისია, რომელიც ამ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმძღვანელოს/სერიას და წარადგენს მას გრიფირებისათვის. ეს კომისია აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ზემოთ აღნიშნულ ძეგლთან შესაბამისობა.
No comments:
Post a Comment