1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით ან/და დამატებითი დაფინანსებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.
3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაზრდილი ვაუჩერის ოდენობითა და დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების ღიაობას და მის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
ბ) საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების და მულტილინგვური განათლების დანერგვას;
გ) საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას;
დ) საჯარო სკოლის მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის შესაბამის ანაზღაურებას;
ე) საჯარო სკოლაში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;
ვ) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, განსაკუთრებით იმ საჯარო სკოლაში, რომელსაც რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხება სასწავლო პროცესში გამოყენებული ერთზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე სოფელში/დაბაში და მაღალმთიან რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებსა და მრავალსექტორიან საჯარო სკოლაში.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
No comments:
Post a Comment