Saturday, May 23, 2020

წიაღისეულის გამდიდრების/გადამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობა





         გარემოზე ზემოქმედების ნებართვა/ეკოლოგიური                                        ექსპერტიზის დასკვნა

„გარემოზე ზემოქმედების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სასარგებლო
წიაღისეულის გამდიდრება/გადამუშავება არის სახელმწიფო ეკოლოგიურ
ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობა.
 
 „ეკოლოგიური ექსპერტიზის
შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ეკოლოგიურ ექსპერტიზას ატარებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 

ეკოლოგიური
ექსპერტიზა უტარდება სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების/გადამუშავების
განმახორციელებელი სუბიექტის მიერ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების
შეფასების (გზშ) ანგარიშს.

 

ეკოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე დგება
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თავის მხრივ, საფუძვლად
ედება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გადაწყვეტილებას
საქმიანობისათვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ (თუკი,
საქმიანობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას), ან (მშენებლობის ნებართვის
გაცემის შემთხვევაში) დადებითი ან უარყოფითი ეკოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნის გაცემის შესახებ ბრძანებას.
გარემოზე ზემოქმედების ნებართვა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის
საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია წერილობითი
მოთხოვნის საფუძველზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროში. ასევე, ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის თანახმად, ეს
ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნის გარეშე გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე, თუმცა ვებ-გვერდზე
დღეისათვის განთავსებული ინფორმაცია არ არის სრული.
 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (დოკუმენტი, რომელიც
ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად გაიცემა დასკვნა/ნებართვა) არის
საქმიანობის განხორცილებისათვის გაცემული ნებართვის განუყოფელი ნაწილი.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედების
შემსუბუქებისათვის გზშ-ს ანგარიშში აღწერილი ღონისძიებების შესრულება
არის სავალდებულო.

                        გარემოზე ზემოქმედების შეფასების                                                                ანგარიში 

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულების თანახმად, გარემოზე
ზემოქმედების შეფასების პროცედურა წარმოადგენს დაგეგმილ საქმიანობაზე
დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შექმნისა და ამ საქმიანობაზე გარემოზე
  ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების
პროცესში გარემოზე ყოველგვარი მოსალოდნელი ზემოქმედების წყაროს,
ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრას, აგრეთვე მათი ეკოლოგიური, სოციალური
და ეკონომიკური შედეგების ინტეგრირებულ შეფასებას.

   დებულების თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოიცავს დაგეგმილი
საქმიანობის კონტექსტში პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების
გამოვლენას, აღწერას და შედეგების შესწავლას:
 
  •   ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და მის ჯანმრთელობაზე; 
  •   მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე ;
  •   ბუნებრივ და სახეცვლილ ეკოსისტემებზე; 
  •   ლანდშაფტებზე; 
  •   ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, კლიმატზე; 
  •   ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებზე; 
  •   სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე; 
  •   გეოლოგიური და ჰიდროლოგიური გარემოს არსებული სიტუაციის
    შეფასებაზე და მოსალოდნელ რისკებზე.
     
  •   
გარემოზე ზემოქმედების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს; 
  • საქმიანობით გამოწვეული ზეგავლენის წყაროების , სახეების და ობიექტების დადგენას.
  •   გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების
    ცვლილებების პროგნოზს
     ;
  •   საქმიანობის შედეგად შესაძლებელი ავარიული სიტუაციების ალბათობის
    განსაზღვრასა და მათი მოსალოდნელი შედეგების შეფასებას;
     
  •   დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური
    შედეგების შეფასებას;
     
  •   გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის
    შემცირებისა და თავიდან აცილების გზებს, საჭიროების შემთხვევაში,
    საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრას;
     
  •   ნარჩენი (კუმულატიური) ზეგავლენის, მისი კონტროლისა და მონიტორინგის
    მეთოდების განსაზღვრას;
     
  •   პროექტების ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასების ჩატარებას; 
  •   პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობის, ასევე დაგეგმილი
    საქმიანობის ტექნოლოგიის ალტერნატივების განსაზღვრას;
     
  •   სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, გარემოს
    წინანდელ მდგომარეობამდე აღდგენის გზებისა და საშუალებების
    განსაზღვრას;
     
  •  საზოგადოების ინფორმირებასა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლას; 
  • პროექტის განხორციელების შემდგომ სიტუაციის ანალიზის გეგმას; 
  •   მოსალოდნელი ემისიების სახეობებისა და რაოდენობის დადგენას; 
  •   დაგეგმილი საქმიანობიდან გამოწვეული რისკების ანალიზს (მშენებლობის
    ან/და ექსპლუატაციის ეტაპზე);
     
  •   დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის აღწერას (მათ შორის –
    დანადგარის საპასპორტო მონაცემები);
     
  •   გარემოზე დადგენილ ზემოქმედებათა ფაქტორების შედეგად მიღებული
    გარემოს მოსალოდნელი მდგომარეობის პროგნოზს;
     
  • საქმიანობის განხორციელებისა და მიმდინარეობის ეტაპისათვის
    გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავებას, სადაც
    გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი უსაფრთხოების
    თვითმონიტორინგის პროგრამა.
     
დებულების თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების განუყოფელი ნაწილია
ასევე, ანგარიშთან ერთად გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში წარსადგენი 
შემდეგი ინფორმაცია: 
  • გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის შერბილების ღონისძიებათა გეგმები; 
  •   ავარიულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმები ადგილობრივი სპეციფიკის
    გათვალისწინებით;
  •   მოკლე ცნობები პროექტის განხორციელების მიზნებისა და მისი
    განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე;
     
  •   ობიექტის განთავსების ადგილის შერჩევის კრიტერიუმები, ალტერნატიული
    ვარიანტების გათვალისწინებით;
     
  •   ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გარემოს არსებული მდგომარეობის მოკლე
    აღწერა;
     
  •   დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის GIS (გეოინფორმაციული
    სისტემები) კოორდინატები, სიტუაციური რუკა და გენ-გეგმა, სადაც
    დატანილი იქნება საწარმოო მოედანი, დროებითი შენობა-ნაგებობები,
    კომუნიკაციები და ზემოქმედების წყაროები;
     
  •   საპროექტო გადაწყვეტათა შემუშავების პროცესში გამოყენებული
    ლიტერატურა (წყაროს მითითებით), საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
    ნორმატიული აქტების ჩამონათვალი.
     

        სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი 

 გარემოზე ზემოქმედების ნებართვის და/ან დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი არ არის ვალდებული ნებართვის/დასკვნის გამცემ ორგანოში წარადგინოს ანგარიში პირობების შესრულების თაობაზე, თუკი ეს ვალდებულება არ არის დადგენილი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის და/ან დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.


გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების
შესრულებას აკონტროლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ნებართვის
გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების
შერჩევითი შემოწმებით.
  

ნებართვის გამცემს უფლება აქვს შეამოწმოს მხოლოდ სანებართვო პირობების
შესრულების მდგომარეობა და არ აქვს უფლება შეამოწმოს ან მოითხოვოს
ინფორმაცია ისეთი გარემოებების შესახებ, რომელსაც არ აქვს უშუალო კავშირი
სანებართვო პირობების დაცვასთან.
 

ნებართვის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ,
შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც წარმოადგენს საჯარო
დოკუმენტს და წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომია გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.
  


 ნებართვის გამცემს სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმება საკუთარი
ინიციატივით შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.
ასევე, ნებისმიერი პირის მიერ უწყებაში წარდგენილი საჩივრის საფუძველზე,
სანებართვო პირობების დარღვევის შესახებ ვარაუდის ყველა შემთხვევაში.
 

   „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” კანონის თანახმად, 5 წელიწადში
ერთხელ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და
თითოეული მავნე ნივთიერებისთვის დგინდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა. ატმოსფერულ
ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა
წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან
მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილ რაოდენობას, გაანგარიშებულს იმ
პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, ატმოსფერული ჰაერის
მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის
დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

 ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
ნორმა, დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ეკოლოგიური
ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული
ობიექტისთვის.
 

   საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, დაბინძურების სტაციონარული
წყაროებიდან აწარმოოს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი
თვითმონიტორინგი, რომელიც, გაფრქვევათა გაზომვას (შეფასებას), გაფრქვევათა
აღრიცხვის წარმოებასა და გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას გულისხმობს

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო
კონტროლსა და ზედამხედველობას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.
 

 საწარმოს მფლობელი ვალდებულია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული
წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში, მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების
ფაქტობრივი (რეალურად გაფრქვეული) მაჩვენებლები.
 

   ამავე კანონის მიხედვით, ფიზიკური ან იურიდიული პირები, მოსალოდნელი
ან მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტროფის
შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ვალდებულნი არიან, დროულად აცნობონ
სათანადო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს ან ამის შესახებ საჯაროდ
განაცხადონ. ინფორმაცია, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა
და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ, ღია და
ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
  როგორც ბოლნისში, ასევე ჭიათურაში, ზესტაფონსა და ტყიბულში უკვე არსებულ
საწარმოებზე გაცემულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. აგრეთვე,
თითოეულ საწარმოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სავალდებულო
შესასრულებლად განესაზღვრათ გარკვეული სახის პირობები. როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომლის მიღება შესაძლებელია
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან წერილობითი მოთხოვნის
საფუძველზე.


 






No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...